როგორ უნდა მოემზადონ მოსწავლეები ტესტირებისთვის - ბრიტანელი მასწავლებლის მეთოდი, რამაც მილიონობით მოწონება დაიმსახურა
- 17 იანვარი, 2017
ტესტის ჩაბარება მხოლოდ ბავშვს კი არა, მშობელსაც ანერვიულებს. ბრიტანელმა მასწავლებელმა მისის ტომმა კი ისეთი მეთოდი მოიგონა, რომელიც ბავშვსაც მშვიდად მისცემს ტესტის ჩაბარების საშუალებას და მშობელიც დაწყნარებულია.
ბრიტანეში მეოთხე კლასის დასრულება მნიშვნელოვანი ტესტირებით მთავრდება. რაშია მათი სირთულე? იმაზე, თუ როგორ ჩააბარებს ბავშვი ტესტს დამოკიდებულია მისი არჩევანი და მომავალი სწავლის პერსპექტივა. ეს შეფასება დაძაბულობასა და ნერვიულობას იწვევს ბავშვებში და, რა თქმა უნდა, მათ მშობლებშიც, რომლებმაც სპეციალური მოძრაობაც კი ჩამოაყალიბეს სახელწოდებით "მიეცით ჩვენს შვილებს ბავშვობის უფლება".
მღელვარების ფონზე დამოუკიდებელმა სოციოლოგებმა კვლევაც ჩაატარეს, სადაც დადგინდა, რომ მოსწავლეების 90 პროცენტი ძალიან განიცდის ტესტირების შედეგებზე: კერძოდ 59% - ძალიან ნერვიულობს, 27%-ს - სტრესის აშკარა ნიშნები აქვს, 17% - დათრგუნულია, 16%-ს კი უძილობა აღენიშნება.
მისის ტომი დაწყებითი კლასების პედაგოგია. ტესტირების წინ უქმეებზე მოსწავლეებს საშინაო დავალება მისცა, რომელიც უკვე საჯაროა და მილიონობით მოწონებაც დაიმსახურა. წარმოგიდგენთ ამ დავალებას:
"რამდენიმე დღე რჩება ტესტირებამდე. ამიტომ, დროა, დასვენების დღეები ჭკვიანურად გამოიყენოთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი შეასრულოთ ჩამონათვალიდან:
- ისეირნეთ ველოსიპრდით ან სკუტერით;
- წაიკითხეთ წიგნი;
- უყურეთ საყვარელ ტელეგადაცემას;
- გაიღიმეთ;
- მიირთვით საყვარელი ტკბილეულობა და ნაყინი;
- გაატარეთ მეტი დრო საყვარელი ადამიანების გვერდით;
- იცინეთ წაქცევამდე;
- გაისეირნეთ და დატკბით ამინდით;
- შეეცადეთ გაემგზავროთ ქალაქგარეთ ან იცუროთ;
- გამონახეთ დრო საყვარელი ჰობისთვის;
- დაისვენეთ;
- შეხვდით მეგობრებს;
- ირბინეთ დაქანცვამდე;
- მოამზადეთ რამე გემრიელი;
- შეჭამეთ კიდევ უფრო მეტი ნაყინი ან რამე გემრიელობა;
- ითამაშეთ ბაღში;
- აკეთეთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებათ.
თუ გრძნობთ, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, ეს მისასალმებელია. ეცადეთ, თითოეულ პუნქტს საათზე მეტი არ დაუთმოთ. გახსოვდეთ: არ უნდა ინერვიულოთ - თქვენს მაგივრად ყველაფერს მისის ტომი გააკეთებს. თქვენ ყველანი საოცარი ბავშვები ხართ და მე ვამაყობ თქვენით".
პოსტი "ფეისბუქში" იყო გამოქვეყნებული და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მხრიდან. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ პედაგოგის მოწოდებით. მშობლები წერდნენ, რომ მისის ტომი სულით პედაგოგია და ბედნიერები არიან, რომ მათი შვილები მის კლასში მოხვდნენ და მასთან მიიღეს დაწყებითი განათლება.
წყარო: Mshoblebi.ge